ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი იქვე მდებარე მაღაზიაში შევარდა. დაშავებული ორი პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა BMC-ში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში „პრაიმტაიმს” უთხრეს, ორივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
„ჩვენთან შემოვიდა დაშავებული ორი მამაკაცი. ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. ორივე იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და შესაძლოა გაეწეროს კლინიკიდან. მეორეს აღენიშნება წვივის მოტეხილობა და ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა”- აცხადებენ კლინიკაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.











