ბათუმში წერეთელის ქუჩაზე თევზით გარემოვაჭრეებს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარე ვაჭრობის უფლება არ მისცეს. მუნიციპალური ინსპექციისა და პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩაში განლაგებული სავაჭრო დახლები დაშალეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და პროდუქციაც გაუფუჭეს.
„დაამტვრიეს დახლები, მიწაზე გადაგვიყარეს თევზი, გაგვიფუჭეს პროდუქცია, იძალადეს კიდეც რამდენიმეზე. ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ. ამბობენ ანტისანიტარიაა და სუნი აწუხებს აქ მაცხოვრებელ მოსახლეობასო.
ჩვენ გვეხალისება ამ სიცივეში გარეთ ყოფნა? სხვა გზა რომ არ გვაქვს, რა გავაკეთოთ. ამ პანდემიის დროს ეს ერთადერთი შემოსავალია ჩემი 6 სულიანი ოჯახისთვის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. რა ვაჭამო მითხარით? რითი მეხმარება სახელმწიფო?
გამოიყოს ერთი თანამშრომელი და დაასუფთაონ ეს ტერიტორია ყოველ დღე და მოგვცენ ხალხს არსებობის საშუალება. არსად წასასვლელი არ გვაქვს, დავჯდებით სახლში და გადაგვიხადოს სახელმწიფომ მაშინ იმდენი თანხა ყოველთვიურად, რომ გამოვკვებოთ ოჯახი“, – აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
ამ წუთებში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან.
როგორც წერეთელის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, როგორც კი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორია დატოვა, გარემოვაჭრეებმა დახლები კვლავ დადგეს და ცდილობენ, ვაჭრობა გააგრძელონ.
„აქ ცხოვრება შეუძლებელია, აუტანელი სუნი და ანტისანიტარიაა. გვესმის იმ ადამიანების, უჭირთ და ქუჩაში ვაჭრობენ, მაგრამ ჩვენიც ხომ უნდა გაიგით, აქ ცხოვრება შეუძლებელია უკვ“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ნაზი ბერიძე.
როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში “პრაიმტაიმს” უთხრეს, იმ ტერიტორიაზე ვაჭრობა აკრძალულია და არაერთხელ გააფრთხილეს გარემოვაჭრეები.
„ამ ტერიტორიაზე გარევაჭრობა აკრძალულია. ამასთანავე ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან განცხადებაც შემოვიდა. გარემოვაჭრეები გავაფრთხილეთ რამდენჯერმე. დღეს ტერიტორია დავატოვენინეთ და შესაბამისმა სამსახურებმს დაასუფთავეს“ – აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.











