ბათუმის სამშობიაროში, სადაც მხოლოდ კივიდინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტებია მოთავსებული, სულ ცოტა ხნის წინ კოვიდდადებითმა ორსულმა იმშობიარა.
ამ ეტაპზე კლინიკაში სულ სამი ახალშობილია. როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აცხადებს, სამივე ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და მათ ბიოლოგიურ ნიმუშებს კვლევისთვის ორშაბათს აუღებენ.
„ამ ეტაპზე სამი ახალშობილი გვყავს, ორმა პაციენტმა გუშინ იმშობიარა, მესამე ახალშობილი კი სულ ახლახანს, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიბადა. ახალშობილებიც და დედებიც თავს კარგად გრძნობენ. დედა და შვილი ჩვენთან იზოლირებულად ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. ტესტირება ახალშობილებს ორშაბათს ჩაუტარდებათ”- აცხადებს ნუგზარ პაპავა. ამჟამად ბათუმის სამშობიაროში 31 კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტი არის მოთავსებული. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მძიმე პაციენტი არ გვყავს. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ. გვყავს ერთი 40 კვირის ორსული. ამ ეტაპზე მისი ფიზიოლოგიურად მშობიარობა იგეგმება. თუმცა გადაწყვეტილებას სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ. იცით, რომ 30 პაციენტის მიღებაზე იყო გათვლილი ჩვენი კლინიკა. ამჟამად გვყავს 31. ერთი ბლოკში მოვათავსეთ. დღეს სამი პაციენტის გაწერას ვგეგმავთ და სამი უნდა მივიღოთ. ორშაბათისთვის სავარაუდოდ 5 საწოლს დავამატებთ. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია კიდევ 15 საწოლის დამატება, ოღონდ მაშინ მომსახურე პერსონალი უნდა გავზარდოთ. ამ ეტაპზე საკმარისი მედპერსონალი გვყავს”- აცხადებს ნუგზარ პაპავა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











