ამ წუთებში ბათუმის სამშობიარო სახლში სამედიცინო-სასამართლო ექსპერტები იმყოფებიან. სამშობიაროში მყოფ ერთ-ერთ კორონავირუსით ინფიცირებულ 26 კვირის ორსულ პაციენტს ნაყოფი დაეღუპა. პაციენტი გუშინ ამშობიარეს.
როგორც კლინიკის დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადებს, ნაყოფის დაღუპვის მიზეზი სამედიცინო კვლევით დადგინდება.
ნუგზარ პაპავა ამ დრომდე აღნიშნულ ფაქტზე გარკვეული მიზეზების გამო არ საუბრობდა.
„ადგილზე იმყოფებიან სამედიცინო-სასამართლო ექსპერტები და გამოიკვლევენ ნაყოფის დაღუპვის მიზეზს. ქალბატონი იყო 26 კვირის ფეხმძიმე. აღრიცხული იყო სხვა კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. გუშინ დილით ნაყოფის გულისცემა ისმოდა. საღამოს გეგმიური კვლევის დროს – აღარ. შეიკრიბა პერსონალი, ჩატარდა კონსილიუმი, ექოსკოპიურადაც დადასტურდა ფაქტი, თბილისშიც დავრეკეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ვამშობიარეთ ქალბატონი. ჩემი ვარაუდებით ვერ ვისაუბრებ ნაყოფის დაღუპვის მიზეზზე. ამას სპეციალისტები დაადგენენ.
ყველაფერი გავაკეთეთ რაც შესაძლებელი იყო. მთელი კოლექტივი ვუთანაგრძნობთ და განვიცდით”- განაცხადა ნუგზარ პაპავამ. დეტალურად ნახეთ primetime.ge-ზე
ავტორი: ნაირა ქობულაძე











