საზოგადოება „მე მიყვარს ბათუმის” ორგანიზებით ბათუმის მერიასთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ბულვარში 16 სართულიანი სასტუმრო „ამბსადორ ბათუმისა” და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც “მე მიყვარს ბათუმის” წევრი ალექსანდრე მილორავა აცხადებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა ნებართვა შუა ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. ბათუმის მერიასთან კი იმიტომ შეიკრიბნენ ბათუმელები, რომ გაიგონ თუ რა პოზიცია გააჩნია ამ ქალაქში დანიშნულ მერს არჩილ ჩიქოვანს ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანი არის ქალაქის მერის პოზიცია იმ მშენებლობებთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს ჩვენი ქალაქის იერსახეს და არის დამაზიანებელი ბათუმის მარგალიტი ბულვარის სივრცითი განაშენიანებისთვის.
ამიტომ ჩვენ მოვედით, რათა მას მოვთხოვოთ პასუხი გაგვცეს თითოეულ ბათუმელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის ქალაქის ბედი და მომავალი.
დაველიდებით არჩილ ჩიქოვანს და მოვისმენთ მისგან თუ რა პოზიცია გააჩნია ამ მშენებლობასთან დაკავშირებით და რა გეგმები აქვს მას იმისთვის, რომ თავისი ქალაქის მცხოვრებლების ინტერესები გაატაროს და შეაჩეროს ეს მშენებლობა.
დაცვამ გვითხრა, ამ წუთას მერი არ იმყოფება მერიაში”- განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.
აქციის წევრებსა და დაცვის თანამშრიმლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მინაწილეებთან შესახვედრად არც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი და არც სხვა წარმომადგენელი არ გამოვიდა.
ბათუმის მერიაში ამ საკიხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ინფორმაციისთვის, შპს “ამბასადორი ბათუმის” მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან. კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50% კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა.
ავტორი:ნაირა ქობულაძე











