ბათუმში ე.წ. ყოფილი 25 ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებაში ხანძარი იყო. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, დაიწვა ერთი 25 კვ.მ. ფართობის ხის შენობა, ხოლო მეორე შენობას გარე ფასადი ნაწილობრივ დაუზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც დაზარალებული არსენ ხინკილაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, შემთხვევის დროს ის სახლში არ იმყოფებოდა.
„სტუმრად ვიყავი წასული, დამირეკეს სახლიდან ხანძარიაო. ღამის 12 საათი იყო. პატარა ოთახი გვაქვს, 10-12 კვ. მ., სადაც შვილი, რძალი და სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი ცხოვრობს. ეს პატარა სამზარეულო- სასადილო ოთახი იყო და მეც იქვე მეძინა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა და გარეთ გამოსვლა მოასწრეს ოჯახის წევრებმა. ჩემი აზრით, ხანძრის მიზეზი მოძველებული და გაუმართავი ელექტროსადენებია. არაერთხელ მოვითხოვეთ გამრიცხველიანება და სადენების შეცვლა, მაგრამ უშედეგოდ. წუხელ ღამე მეზობლის მანქანაში მეძინა. დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ, მოვიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, საკვები მოგვიტანა და გვითხრა, განცხადება დაწერეთ და დაგეხმარებითო. დავწერ აუცილებლად, მაგრამ მანამდე ქუჩაში ხომ არ ვიცხოვრებ. თუ დამეხმარებიან და სამშენებლო მასალას მომცემენ, აქვე ავაშენებ საკუთარი ძალებით ოთახს“, – აცხადებს არსენ ხინკილაძე.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, დაზარალებულ ოჯახს უყურადღებოდ არ დატოვებენ და დაეხმარებიან.
„დროებით ქირით გავიყვანთ საცხოვრებლად. შემდეგ კი შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით. მინდა იცოდეთ, არ დავტოვებთ უყურადღებოდ. ახლა უბრალოდ წინასაარჩევნო პერიოდია და გარკვეული შეზღუდვები გვაქვს. არჩევნების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა სახის დახმარებას გავუწევთ. ცხადია, ღია ცის ქვეშ არ დავტივებთ“- აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











