ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან სარიტუალო დარბაზების მეპატრონეები და დასაქმებულები შეზღუდვების მოხსნისა და მუშაობის ნებართვის მოთხოვნით აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ერთი წელია არ მუშაობენ, რამაც ისინი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს სამსახურია. აქციის მონაწილეების აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„ჩემს უკან დგას ის ხალხი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ვითხოვთ, მოგვცენ საშუალება, ვიმუშაოთ. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უყურადღებოდ ვართ. ვითხოვთ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, დაგველაპარაკოს. მე თვითონ ვიდეოგრაფი ვარ და ერთადერთი შემოსავალი ჩემი სამსახურია. სხვა პროფესია არ მაქვს. თეატრებში თუ შეიძლება 200 ადამიანის მისვლა, რატომ არ შეიძლება პატარა წვეულებების გამართვა. ეს არის ჩვენი ერთადერთი სათხოვარი, გაიხსნას დარბაზები და მოგვცენ მუშაობის უფლება“ – განაცხადა როინ გორაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე









