ბათუმის საპატრიარქოსთან მოქმედ სათნოების სახლ „სავანეში“ ბოლო ათი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების თორმეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც სავანეს დირექტორი დეკანოზი იოანე ბარამიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, 70 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა, მათ შორის უხუცესი 87 წლისაა.
„ამ ეტაპზე ინფიცირებულია 12 ბენეფიციარი, აქედან სამი კოვიდსასტუმროშია, ხოლო 9 კოვიდკლინიკაში. ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება თანამშრომლებს, ხვალ ველოდებით ორი გამოჯანმრთელებული თანამშრომელის გამოწერას კლინიკიდან და ყველა თანამშრომელი გამოჯანმრთელებულია.
სამწუხაროდ, შვიდი ბენეფიციარი გარდაიცვალა. მათ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. ჩვენთან საკარანტინე რეჟიმი გრძელდება. თანამშრომლებისთვის მოიხსნა კარანტინი, ანუ იცით, რომ სამსახურის შემდეგ სასტუმროში გადაგვყავდა ისინი. ამ ეტაპზე ოჯახებში ბრუნდებიან, ოღონდ მკაცრ იზოლაციაში არიან, ჩვენ ვემსახურებით ავტომანქანით, გადაგვყავს სახლში და დილით მოგვყავს სამსახურში. ვმოქმედებთ არსებული პროტოკოლით. მაქსიმალურად ვიცავთ რეკომენდაციებს“, – აცხადებს დეკანოზი იოანე ბარამიძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











