„ნუ გვაბრმავებ!“ ამ სლოგანით დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე ჟურნალისტებმა აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2020 წლის 8 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკა.
„ეს გახლავთ სოლიდარობის აქცია ჩვენი კოლეგების მიმართ, რომლებიც გუშინ დაშავდნენ აქციაზე. იცით, რომ ათამდე ჟურნალისტი, მათ შორის ოპერატორებიც დაშავდნენ, დაუზიანდათ ტექნიკა.
ეს არის მთავარი მესიჯი, მოგვეცეს უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება, მიმართულია როგორს შს სამინისტროს მისამართით, ასევე ყველა სხვა მხარის მისამართით. იმიტომ, რომ როცა ჟურნალისტები მიდიან მოვლენების გასაშუქებლად, მათ უნდა ჰქონდეთ იმის სულ მცირე გარანტია, რომ არ დაუზიანდებათ თვალი, არ დაუზიანდებათ ტექნიკა და ა. შ.
სამწუხაროდ, ეს ფაქტები ახალი არ არის. ეს ვნახეთ ამ აქციაზეც და ვუერთდებით ჟურნალისტები იმ აქციას, რომელიც დღეს გაიმართა თბილისში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით და რომლის გზავნილიც იგივე იყო“, – აცხადებს „ბათუმელების“ რედაქტორი ნანა კვაჭაძე.











