მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო, სიცოცხლის გადამრჩენი ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეპარატებს პანდემიის დროს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.
აღმოჩენილი პრეპარატები ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებია – „ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“. მედიის ინფორმაციით, კვლევები დიდ ბრიტანეთსა და კიდევ 5 სხვა ქვეყანაში ჩატარდა.
ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარის, პროფესორ ენტონი გორდონის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტებმა შესაძლოა, ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც „დიდი ეფექტია“.
მედიკამენტები მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 8.5 პროცენტით ამცირებს. გარდა ამისა, მკურნალობა აჩქარებს პაციენტების გამოჯანმრთელებას და ერთი კვირით ამცირებს კრიტიკული პაციენტების ინტენსიური თერაპიის ხანგრძლივობას.
ორივე პრეპარატი თანაბრად მუშაობს და ემატება იაფ პრეპარატ „დექსამეტაზონს“.
ახალი მკურნალობის ღირებულება დაახლოებით 750-დან 1000 ფუნტ სტერლინგამდეა თითოეულ პაციენტზე.











