ბელარუსი ხალხის დასახმარებლად ევროკომისია 53 მილიონი ევროს მობილიზაციას მოახდენს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
„ბელარუს ხალხს ცვლილებები ახლა სურს. შთაგონებული ვართ ბელარუსი ხალხის სიმამაცით. ისინი უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ. მათ სურთ დემოკრატია და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10 პროცენტი.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი პოლიციამ დააკავა.











