პროკურატურა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. კერძოდ, მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე.
ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე მსჯავრდებულ პირთა ძებნის ფაქტებზე.
ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სიუჟეტში 21 ადგილას გამოყენებულია სხვა ადამიანის ხმა და სულ 170 ადგილას არის მონტაჟი.
„ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების ტექსტობრივი გაშიფვრის, ჩანაწერებში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ასაკის და მათ შორის არსებული კომუნიკაციის ფორმის იდენტიფიცირების და არსებობის შემთხვევაში ჩანაწერებზე მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.
მიღებული ექსპერტიზის დასკვნით მოხდა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა ხმის იდენტიფიცირება და დადგინდა მათი საორიენტაციო ასაკი. კერძოდ, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13 – 18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.
ფონოსკოპიური ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა კომუნიკაციის ფორმა არის სატელეფონო.
კომუნიკაციის ფორმის, მოსაუბრეთა საორიენტაციო ასაკისა და მათი დაბადების თარიღების მხედველობაში მიღებით, კიდევ ერთხელ დასტურდება აუდიო ჩანაწერების მონტაჟისთვის სწორედ 2011-2012 წლებში განხორციელებული ფარული მიყუდარებების შედეგად მოპოვებული საუბრების გამოყენების ფაქტი.
მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.
ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.
ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.











