პოლიტიკიდან წასვლა ჩემთვის არის დამარცხების აღიარება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მთელი იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და რომელიც ზუსტად მისი ხელისუფლების შექმნილია,- ასე შეაფასა პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“.
„ეს ნამდვილად არის უპასუხისმგებლო საქციელი, მაგრამ პასუხისმგებლობას, საბოლოო ჯამში, ვერ გაექცევა, ვინაიდან, სადაც არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, ეს მდგომარეობა, რომელშიც მან ქვეყანა შეიყვანა, არის სწორედ მისი დამსახურება. მნიშვნელოვანი არის, ასევე, ვიმსჯელოთ იმაზე, რატომ წავიდა. ეს ჩემთვის არის დამარცხების აღიარება მისი მხრიდან მთელი იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და რომელიც ზუსტად მისი ხელისუფლების შექმნილია და წინ ამ ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები უდგას. მე მგონია, მისი წასვლა, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ამძაფრებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას და საჭიროებას, იმ ფონზე, რომ მისი ბოლო ქმედება და ბოლო პოლიტიკური მემკვიდრეობა იყო სწორედ არჩევნების ფალსიფიკაცია 31 ოქტომბერს და ამ არალეგიტიმრი პარლამენტის შექმნა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.











