კომპანია Microsoft-ის დამაარსებლის, ბილ გეითსი ამბობს, რომ პანდემიის დამარცხება გაცილებით ადვილია, ვიდრე ის პრობლემები, რაც კლიმატის კუთხით მთელ მსოფლიოში არსებობს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
მისი განცხადებით, კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარება „ყველაზე გასაოცარი რამ იქნება“, რაც კი კაცობრიობას დღემდე გაუკეთებია.
„პანდემია დასრულდება გასაოცარი ვაქცინების წყალობით, ეს ძალიან, ძალიან ადვილია კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრასთან შედარებით. 51 მილიარდი არის ის, თუ რამდენი ტონა სათბური გაზები ემატება ატმოსფეროს მსოფლიოში ყოველწლიურად, ნული არის ის – თუ სადამდე უნდა მივიდეთ,“ – აღნიშნა ბილ გეითსმა.
მისივე თქმით, საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება კერძო სექტორის მხრიდან.
„ეს მოითხოვს დიდ ინვესტიციებს მთავრობების მხრიდან კვლევისა და განვითარების მიმართულებით, ასევე ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ბაზრის ზრდის ხელშეწყობას, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს,“ – განაცხადა ბილ გეითსმა.











