Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესახებ 5 ფაქტს ასახელებს, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს.
- თუ გრიპის ვაქცინა ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვირუსის შტამს წარსულში უკვე გამკლავებიხართ
გეიტსის თქმით, ვირუსები ცვლილებებს მუდმივად განიცდიან.
„თუ ინფექციურ დაავადებებთან შეხება არასდროს გქონიათ, შესაძლოა, ახალი შტამების იდეა თქვენთვის საზარლად ჟღერდეს, თუმცა ამაში განსაკუთრებული არაფერია. სწორედ გრიპის ვირუსის სწრაფად მუტირების უნარია ის, რის გამოც ყოველ წელს გრიპის ვაქცინის გაკეთება ხელახლა გვიწევს. ახალ შტამებთან საბრძოლველად ვაქცინის განახლებაა საჭირო.
იმის გასაგებად, თუ რატომ განიცდის ვირუსი მუტაციას, უნდა განვიხილოთ როგორ მოქმედებს ის ადამიანის ორგანიზმში. როგორც ყველა ვირუსს, კოვიდსაც ერთი მიზანი აქვს: მაქსიმალურად გამრავლდეს. როდესაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში იჭრება, ის უჯრედებს RNA-ში არსებული დაშიფრული სტრუქტურით „ატყუებს“, რათა რაც შეიძლება მეტი ასლი შექმნას. იმისთვის, რომ ასლი შეიქმნას ამ ე.წ. „დაშიფრული ინსტრუქციების“ მიხედვით მოქმედებაა საჭირო. კოვიდ 19-ს ეს „დაშიფრული ინსტრუქცია“ არის საკმაოდ გრძელი. აქედან გამომდინარე დიდი შანსია იმისა, რომ ზოგჯერ ამ „ინსტრუქციის“ ბოლომდე შესრულება ვერ მოხდეს. მსგავსი შეცდომების შედეგად იქმნება ვირუსები, რომელთაგან ზოგი ფუნქციურად ორიგინალის იდენტურია. ზოგჯერ კი ეს შეცდომები ვირუსს „ეხმარება“ ადვილად გავრცელებადი გახდეს. როდესაც მსგავსი სახეშეცვლილი ვირუსები მოსახლეობაში ვრცელდება, ახალი ვარიანტები იქმნება“,- აცხადებს გეიტსი.
- ჩნდება ვირუსის ერთი და იგივე მუტაციები – ეს, შესაძლოა, კარგი ამბავიც იყოს
„ვირუსებს განვითარების უნარი აქვთ. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირი სიჩქარით არ ვითარდება. მაგალითად გრიპის ვირუსი სწრაფად იცვლება, როდესაც სხვა ვირუსებს მუტაციისთვის უფრო დიდი დრო სჭირდება. ჩვენდა საბედნიეროდ, SARS-CoV-2-ი სწორედ ამ უკანასკნელ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, გრიპის ვირუსთან შედარებით, მუტაციისთვის დიდი დრო სჭირდება. ვიცი, ახლა ისე ჩანს თითქოს ყოველ წუთს კოვიდის ახალი ვარიანტები ჩნდება. ეს იმის ბრალია, რომ კოვიდი მსოფლიოში საკმაო სიხშირით ცირკულირებს, რაც ვირუსს გამრავლებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს, ვფიქრობ, კოვიდის ახალ შტამები ნაკლები სიხშირით გამოჩნდება.
გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, რომელიც 8 გენეტიკური სეგმენტისგან შედგება, კორონავირუსი ბევრად უფრო მარტივი ვირუსია. როგორც აქამდე ვნახეთ, კორონავირუსის შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მუტაციები ერთი და იგივე ადგილას, ვირუსის სპაიკ პროტეინში, მოხდა.
სწორედ სპაიკ პროტეინის საშუალების ახერხებს ვირუსი ადამიანის უჯრედების დაინფიცირებას. ამიტომ სპაიკ პროტეინის ცვლილებამ, შესაძლოა, ვირუსს საქმე გაუმარტიოს და ის უფრო სწრაფად გავრცელებაში გახდეს. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ თუ სპაიკ პროტეინი ბევრ ცვლილებას განიცდის, შესაძლოა, ეს უნარი დაუქვეითდეს.
ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ კოვიდის შემაშფოთებელი მუტაციები, რაც ამ ვირუსს შეეძლო განეცადა. თუმცა, ვინ იცის, კორონავირუსს ადრეც ბევრჯერ გავუოცებივართ და შესაძლოა ახლაც გაგვაოცოს“,- ამბობს გეიტსი.
- ვირუსი ცვლილებას განიცდის, მაგრამ პანდემიის დასრულების გზა კვლავ იგივეა
„გასულ წელს ჯანდაცვის ექსპერტებისგან მუდმივად გვესმოდა ერთი ფრაზა: უნდა შევძლოთ კოვიდის შეკავება მანამდე, სანამ ვაქცინები მზად იქნება. კარგი ამბავი ისაა, რომ დღესდღეობით გვაქვს ვაქცინები, რომელსაც ვირუსის მძიმე ფორმებისგან ადამიანების დაცვა შეუძლია. ზოგიერთი მათგანი ახალი შტამების წინააღმდეგაც ეფექტურია.
ახლა მთავარი საკითხი ისაა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ვაქცინა განვაახლოთ, რათა ახალი ვარიანტების მიმართ ეფექტურობა შეინარჩუნონ. ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. აუცილებელია დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და გავიკეთოთ ვაქცინა. თუ ამას გავაკეთებთ, პანდემიის დასრულებას უფრო მალე შევძლებთ“,- ამბობს გეიტსი.
- ახალი ვარიანტების არსებობა ვაქცინების ხელმისაწვდომობის საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის
„ვირუსების ახალი ვარიანტების არსებობა კოვიდს განვითარების შესაძლებლობას აძლევს. შესაბამისად, თუ ვაქცინა ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა კუთხეში არ იქნება, იმის შიშით ვიცხოვრებთ, რომ, შესაძლოა კოვიდის უფრო საშინელი შტამები განვითარდეს. შესაძლოა, ისეთი ვარიანტი გაჩნდეს, რომლის წინააღმდეგაც არცერთი ვაქცინა არ იქნება ეფექტური. არავის უნდა ეს მოხდეს. ამიტომ აუცილებელია, რომ ვაქცინა ყველა ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად ცხოვრობენ ისინი. იმედი მაქვს, მდიდარი ქვეყნები COVAX-ის მხარდაჭერას გააგრძელებენ, მაშინაც კი თუ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“,- ამბობს გეიტსი.
- მომავალში უკეთესად მოვიქცევით
„ვირუსის ვარიანტების გაჩენა გარდაუვალია. ამიტომ თუ პანდემიურ სცენარში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებით, გვეცოდინება რომ ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ვირუსებს ადაპტირება შეუძლიათ, როგორც ეს კოვიდის შემთხვევაში ვნახეთ. და იმედი მაქვს, ასეთ დროს ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით და ახალი შტამების იდენტიფიცირებას მალევე შევძლებთ. აუცილებელია ვირუსის შესახებ არსებული მონაცემების შედარება, ბაზების შექმნა, რათა მცირე განსხვავებაც კი მალევე შევნიშნოთ. მიუხედავად იმისა, რომ უარესი უკან მოვიტოვეთ, მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ. ახლა საუკეთესო რამ რის გაკეთებაც შეგიძლიათ არის ვაქცინაცია და პრევენციული ზომების დაცვა“,- ამბობს გეიტსი.









