„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას არ დაესწრებიან.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბიუჯეტში ჩადებული თანხა არამიზნობრივად იხარჯება და ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის დროს სამუშაო ადგილები დაკარგეს, არაფერი კეთდება.
„ბიუჯეტში არაფერია ჩადებული ადამიანებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც სამუშაო ადგილები პანდემიის დროს დაკარგა და უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. 5,5 მილიარდიანი სესხი აიღეს და ნაწილობრივ გრანტები უცხოური წყაროებიდან და გადაწყვიტეს, რომ თანხის 10 პროცენტი პირდაპირ დაერიგებინათ, ეს იყო ძალიან მცირე ოდენობა. ახლა აღმოჩნდა საოცრება, მისი ნახევარიც კი არ არის გაცემული და დაახლოებით 300 მილიონი ლარის ეკონომიას აკეთებენ. ადამიანებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას არ აძლევენ და ეკონომიას აკეთებენ იმის გამო, რომ ეს ფული მოხმარდეს თავდაპირველი ბიუჯეტის უსარგებლო, კორუფციულ, პოლიტიკურად მოტივირებულ მათთვის საინტერესო ხარჯებს“, – ამბობს გოცირიძე.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებენ.











