მოვუწოდებ ხელისუფლებას, ვისაც 1 500 ლარამდე აქვს ხელფასი, მათთვის დაწესებული ექვსთვიანი შეღავათი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს, კონკრეტულ ინდუსტრიებს ჩამოეწეროს საშემოსავლო გადასახადები, – ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ფხაკაძემ მოსალოდნელ შეზღუდვებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია.
„ზოგადად, დილემის წინაშე ვდგავართ. ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესი და ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მას. ამავდროულად, ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და მომავალშიც ასე იქნება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ბიზნესს ფუფუნება არ აქვს, მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.











