ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 8-დან 15 თებერვლამდე შეზღუდვების შემსუბუქება ბიზნესის მხრიდან ზეწოლის შედეგი არ ყოფილა.
ნათია თურნავა ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ურჩევს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებებს საზოგადობრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.
„ზოგადად ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს. ის, რომ ჩვენ ახლა თანდათან შემსუბუქებას ვაკეთებთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სახით ჩვენზე ზეწოლის შედეგი, არამედ ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში.
მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში თუ არ გაუარესდა ეპიდვითარება, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თარიღზე, თუ როდიდან შევძლებთ გავხსნათ შიდა სივრცეებიც, მაგრამ, ეს იქნება ჩვენი შეგნებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ინტერესიდან გამოვალთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აქცია-პერფორმანსით აპროტესტებენ.
პარლამენტთან შეკრებილები ვადაზე ადრე რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გაუმჯობესებული ეპიდვითარება ამის შესაძლებლობას იძლევა.
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის ბავშვთა გასართობი ცენტრების ხელმძღვანელები იმყოფებიან.











