ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით; ეს ორმა გარემოებამ განაპირობა – წინასაახალწლო დღეებში ჩვენ დავაკვირდით და მათ საკმაოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სავაჭრო ქსელებმა ორ მილიონამდე ადამიანი გაატარეს, ამის გამო ჩვენ ეპიდაფეთქება არ გვქონია. მეორე გარემოება ის არის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესი რიგში პირველია.
ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ – ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა – მაღაზიის, მოლის, ბაზრობის და სხვა. ყველას სურს, რომ მაღაზიების საქმიანობა იმავე რეჟიმში აღდგეს, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს, ელემენტარული მიზეზის გამო, შეუძლებელია, რადგან პანდემია ჯერ არ დამარცხებულა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











