„ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 415 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.











