„ლეიბორისტების„ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ამავე პარტიით საკრებულოს წევრმა პარტია დატოვა.
გიორგი გიუაშვილმა ამის შესახებ „ფეისბუკგვერდზე“ დაწერა. მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი და პარტიის ხელმძღვანელობის მოსაზრებები თანხვედრაში აღარ არის.
გიუაშვილი წერს, რომ რჩება ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად. ის „ლეიბორისტული“ პარტიის წევრი 2014 წლიდან იყო.
„მაქვს ჩემი პრინციპული, საკმაოდ კვალიფიციური და დასაბუთებული პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და რომლებსაც ბოლომდე დავიცავ ნებისმიერ ფასად!
აღნიშნული ნაბიჯის გადასადგმელად ძალიან ბევრი, საფუძვლიანი და სამართლიანი მიზეზები მქონდა, თუმცა ამ ეტაპზე (და იმედია შემდეგშიც) დროის დაკარგვას და ამ თემებზე საუბარს არ ვაპირებ, არც არავისთან დაპირისპირების და ბრალდებების რეჟიმში ჩადგომას არ ვგეგმავ, როგორც ჩვევიათ ლეიბორისტებისგან წამოსულ ყოფილ წევრების უმეტესობას. პირიქით, უამრავი ახლობელი და მეგობარი ადამიანი მრჩება აღნიშნულ პარტიაში, რომლებსაც მხოლოდ წარმატებას და მეტ პრინციპულობას ვუსურვებ!
რა ვქნა, უბრალოდ დავშორდი იდეურად, შინაარსობრივად, აზრობრივად პარტიულ ხელმძღვანელობას!
ბრძოლა გრძელდება“, – წერს გიუაშვილი.
ავტორი: რუსკა გვარამაძე











