დღევანდელი ინფორმაციით, ჩინური ვაქცინის საბოლოო ეფექტურობის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. მას მესამე ფაზის კვლევები ჯერ არ გაუვლია, – ამის შესახებ ანესთეზოლოგმა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისივე თქმით, ბრაზილიურმა კვლევამ ჩინური ვაქცინების 50%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
“გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ კიდე ერთხელ სთხოვა ჩინურ კომპანიას, რამენაირად მიეწოდებინა ინფორმაცია მათთვის, თუ რა ეტაპზეა კვლევები. ჩინური ვაქცინის კვლევები ჩატარებულია იმ ქვეყნებში, რომლებიც დიდი ავტორიტეტით არ გამოირჩევიან სამეცნიერო სამყაროში. ეს არის ბრაზილია, ინდონეზია და თურქეთი. ამასთანავე, ბრაზილიურმა კვლევამ ამ ვაქცინების 50%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
ჯერ კიდევ არ გვაქვს საბოლოო შედეგი. თუ, რა თქმა უნდა, ავტორიტეტული ორგანიზაციები დაადასტურებენ მის ეფექტურობას და სანდოობას, როდესაც ჩინური კომპანია მიაწვდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და FDA-ს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ფიქრი. ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. ჯერჯერობით ჩინური ვაქცინა არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა “, – აცხადებს კალოიანი ინტერპრესნიუსთან საუბრისას.











