ფოთში, 4 თებერვალს შსს მომსახურების ცენტრთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა (ბაჩანა) შალიკაშვილის ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. მან ეს განცხადება სამხარეო პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით წარუდგინეს , რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მე ჯერ არ ვიცი რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ხვალ გადმომეცემა. იგი ბრალს არ აღიარებს.გამოკითხვის ოქმი შედგენილია, რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი.
ნივთმტკიცების სახით იარაღი ამოღებული არ არის, ეს ზუსტად ვიცი. თავს ნორმალურად გრძნობს. ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს. მის მიმართ ძალადობას ადგილი არ აქვს. ის რომ თითქოს მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, მან განმარტა, რომ არავითარი პრეტენზია მოკლულის მიმართ არ გააჩნდა. 15 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთმანეთში საუბარი , ახსნეს ყველა დეტალი , თითქოს იყო რაღაც სადავო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ გურამ ახალაიამ დაარწმუნა იმაში , რომ მისი ძმის გია შალიკაშვილის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა. რაც შეეხება გურამ ახალაიას მკვლელობას, ამბობს , რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია , არავითარი შეხება ამ საქმესთან არა აქვს და სხვისი გულისთვის ციხეში არ ჩაჯდება,“- ამბობს ადვოკატი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი შალვა შალიკაშვილი დააკავა.
ავტორი: თეა შონია











