ბრიტანეთის მიერ ჩინური სახელმწიფო ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებიდან ერთი კვირის თავზე, ჩინეთმა BBC-ის მაუწყებლობა აკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN იუწყება.
ჩინეთის ეროვნული რადიოსა და ტელევიზიის ადმინისტრაციის განცხადებით, „BBC მსოფლიოს ახალმა ამბებმა“ “ჟურნალისტიკის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები დაარღვია~.
4 თებერვალს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ამბების გაშუქების გამო, გამოცემა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
მომხდართან დაკავშირებით, BBC-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოცემა იმედგაცრუებულია ჩინეთის მთავრობის ქმედებების გამო.
„BBC მსოფლიოს ყველაზე მეტად სანდო საერთაშორისო ახალი ამბების მაუწყებელია. იგი სამართლიან, მიუკერძოებელ და ობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს“ – ამბობს BBC-ის წარმომადგენელი.











