სისხლისღვრიდან 106-ე წელს, ოსმალეთის იმპერიის მიერ მოწყობილი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები სომხეთში ტარდება. ერევანში, დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა ჩირაღდნების მსვლელობაში. მათ ყვავილებით შეამკეს წიწერნაკაბერდის გორაზე მარადიული ცეცხლის მიმდებარე ტერიტორია.
სომხების გენოციდი, ეს მე-20 საუკუნის პირველი გენოციდია, მასობრივი ხოცვა ოსმალურ თურქეთში 1915 წელს დაიწყო. მანამდე, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 2.5 მილიონი სომეხი ცხოვრობდა. მკვლელობისა და მასობრივი დეპორტაციის შედეგად, მათი ნახევარი დაიღუპა. ასობით ათასი ადამიანი კი სხვა ქვეყანაში საზღვაო თუ სახმელეთო გზით გადავიდა.
დღეს ერევანში გაიმართა მსვლელობა, რომელშიც 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ჩირაღდნებით, სანთლებით და დროშებით ხელში, თავისუფლების მოედნიდან წიწერნაკაბერდის გორის მიმართულებით, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისკენ გადაადგილდებოდნენ.
მემორიალთან ფილარმონიის ორკესტმა ჯუზეპე ვერდის “რექვიემი” შეასრულა.
დღეს, 24 აპრილს, მსოფლიოს ყველა სომხურ ეკლესიაში 106 ზარი გაისმა და სომხური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად წირვა-ლოცვა აღევლინა.
რას მოითხოვენ ეთნიკური სომხები
სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარება ერევნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. სომეხთა გენოციდი უკვე მრავალმა ქვეყანამ აღიარა.
გენოციდიდან 106-ე წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, 24 აპრილს 1915-1922 წლებში სომეხთა ხოცვა გენოციდად ცნო.
რაც შეეხება თურქეთს, ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე გაურბის პასუხისმგებლობას, უარყოფს და სომხეთს აფრთხილებს, რომ გენოციდის აღიარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია და ანკარა სომხეთთან საზღვარს კვლავ დახურულად ინარჩუნებს.








