ოპოზიციონერი სალომე სამადაშვილი მოსახლეობას აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
როგორც სამადაშვილი ამბობს, პარლამენტში უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი პიკეტირება.
„ჩვენს მოსახლეობას მინდა მივმართო, საღამოს 6 საათზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ, რადგან ამ ზეწოლის გარეშე ჩვენ პარლამენტში რაიმეს მიღწევა გაგვიჭირდება. მივმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, სანამ არ მივაღწევთ რაიმე წინასწარ შეთანხმებას მაინც იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პარლამენტში უნდა დავიწყოთ მთავრობის გადაყენების პროცესი. ამის პირველი ნაბიჯი იქნება დებატები მთავრობის გადაყენების შესახებ, ამის პარალელურად ჩვენ დავიწყებთ პროცედურებს ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნის შესახებ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის პარლამენტში ხმაური ისევ გრძელდება. რიგგარეშე სხდომა საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი აურზაურის გამო ვერ ტარდება. პარლამენტში არც ჟურნალისტების ნაწილს უშვებენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.











