„ჩვენ ვთვლით, რომ ბევრ რამეში არ არიან გარკვეულები და აუცილებელია დიალოგი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ცაგერის კულტურის სახლში რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობას ხვდება.
„როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს, არ არიან ანგაჟირებული და არ აქვთ ნეგატიური დღის წესრიგი და მე მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან ხეობის “მცველები”, რომ ყოველთვის მოიძებნება ფორმატი კონსტრუქციული დიალოგისთვის. პანდემიის გამო, ალბათ, ჩვენც დავაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომაც დაგროვდა ამდენი შეკითხვა. ვეცდებით, რომ ის მომენტი, რაც იქნება რაციონალური, გავითვალისწინოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მხარეების შეხვედრას რიონის ხეობის ის “დამცველები” არ ესწრებიან, რომლებიც თვეებია გიგანტური ჰესების მშენებლობას კარვებში აპროტესტებენ.











