ოპოზიციონერი დეპუტატის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევების შედეგები დამაჯერებელი არაა.
„ქართული ოცნების“ გარდა ჩვენც ვატარებთ შიდა პარტიულ კვლევებს და იქ ასეთი მონაცემები არაა. 30%-ზე მეტს ვერ იღებს „ქართული ოცნება“ ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების შიდა კვლევების მიხედვით. თუ მმართველი პარტია საკუთარ თავს იმშვიდებს, 46% კი არა, 96% ჩაწეროს და უფრო მშვიდად იქნება“, – აცხადებს ჩიხლაძე.
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, პარტიების შორის ხმების გადანაწილება კი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 46%-ზე მეტი აქვს. ამავე კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას მმართველი პარტიის კანდიდატები დააკომპლექტებენ.









