„ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მსგავსი ძალები არეულობისკენ მიისწრაფვიან, რათა ყურადღება მიიპყრონ.
„სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილობის განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, მათივე მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ მათ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.











