“ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, მას ურჩევნია რუსთაველის თეატრის დასი “ბუკინგემში წავიდეს და არა მოსკოვში”, მაგრამ მისი აზრით, ქართული თეატრის “ინტელექტუალური დონის” დემონსტრირება რუსეთშიც უნდა მოხდეს.
“რუსთაველი თეატრი, რასაკვირველია, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია. მე მირჩევნია, მაგალითად, ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა შემდეგი, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური დონის, ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში და არა მარტო რუსული საზოგადოების განსახილველად და მათ თვალსაწიერში იმ თემების წამოსაწევად, რაც საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ფესტივალზე გაემგზავრება. ამის შესახებ თეატრის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ რუსულ არხთან განაცხადა.










