ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის, ვაქცინაციის პროგრამაში 65 წლის ზემოთ მყოფი, ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა მოვიცვათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში გარკვეული ტემპის კლება პირველი დოზით ვაქცინაციაზე არის, რაც საყურადღებოა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციაში ჩართვა.
„ვაქცინაციაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა საკმაოდ მაღალია. ქვეყნის მასშტაბით 600-მდე ბრიგადა მუშაობს, მობილური გუნდებიც მუშაობენ, დიდ ქალაქებში ავტობუსებიც დადის და ბინაზე ვაქცინაციაც ტარდება. ვფიქრობთ, ჩვენი შეფასებით, მაინც მეტი მუშაობაა საჭირო საგანმანათლებლო და საპრომოციო კუთხით. განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის მიმართ. ამდენად, ჩვენი მიზანი იქნება უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გააქტიურდეს პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმები, რათა მათ ჰქონდეთ ინდივიდუალური კონსულტაცია პაციენტებთან და მოუწოდონ მათ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისკენ.
ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის, მოვიცვათ ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა 65 წლის ზემოთ, რომელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო ერთი-ორი თვის განმავლობაში მათი მოცვა იყოს სრული. ყველაზე მეტი რისკი, ჰოსპიტალიზაციისა და გართულების თვალსაზრისით, მაინც ამ ჯგუფში აღინიშნება“, – განაცხადა გაბუნიამ.











