„ჩვენი პოლიტიკა სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული. პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც განავითარეს არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი, რომელთაც ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, სილიკონ ველიზე. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 4 ამერიკელ ინვესტორს შორის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, რომელზე ხელმოწერაც აშშ – ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გამართულ ონლაინ ფორმატში გაიმართა.
„მათ ერთობლივად შექმნეს ფონდი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც დაფინანსდება ჩვენ მიერ შერჩეული სტარტაპები. შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები სილიკონ ველიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით,“ – განაცხადა მინისტრმა.
ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და TECH Friends of Georgia – ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას.











