“ჩვენთან დამკვიდრდა აბსოლუტურად ბინძური ლექსიკა, მათ შორის მედიაში. ადამიანები ილანძღებიან და ეს ჩვეულებრივი ფორმა გახდა, მათ შორის, პოლიტიკოსებთანაც”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტსაბჭოს წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც პარლამენტში შევა.
„მმართველი პარტია ამბობს, რომ არ იქნება ვითარება, როდესაც ვინმეს კალთებს დაახევს პარლამენტში შესასვლელად. კანონით განსაზღვრულია ყველანაირი პირობა, პარლამენტში გელოდება შენი სკამი, შენი გამოსვლის დრო და შეგიძლია, გამოიყენო, რაც ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. მოქალაქეს, რომელიც თავისი საქმით არის დაკავებული, შეუძლია, არ ითანამშრომლოს ვინმესთან. თუ გადავიტანთ ამას პოლიტიკაში, ამ სფეროში თავისი ნებით მიდიან ადამიანები და იღებენ პასუხისმგებლობას თანამშრომლობაზე.
ჩვენთან დამკვიდრდა აბსოლუტურად ბინძური ლექსიკა, მათ შორის მედიაში. ადამიანები ილანძღებიან და ეს ჩვეულებრივი ფორმა გახდა, მათ შორის პოლიტიკოსებთანაც. „ფეისბუქში“ ვისაც გინდა, დაბლოკავ, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ მოგიწევს თანამშრომლობა, რადგან ამ ადამიანებს ხმა მისცეს. ზოგიერთს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ მისთვის პარლამენტი იქნებოდა თავის გამოჩენის ძალიან კარგი სივრცე, ქუჩაში ჩაიკარგება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.











