ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში თხუთმეტდღიანი მკურნალობის შემდეგ 27 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა და სრულიად გამოჯანმრთელებული კლინიკიდან უკვე გაეწერა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, 27 დღის ახალშობილი მშობლებმა ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს.
მდგომარეობის სიმძიმეს ცხელება, სხეულის მაღალი ტემპერატურა, მოძრაობისა და მადის დაქვეითების ჩივილები, ჰიპოდინამია, ზოგადი დათრგუნვის სიმპტომატიკა, პერიოდული ჭირვეულობა, საკვების ცუდად მიღება განაპირობებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები ვირუსულ ინფექციასთან კავშირს გამორიცხავდნენ, კლინიკაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად, პატარა პაციენტს COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი პასუხი დააფიქსირა.
„ახალშობილს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა კოვიდ-იზოლირებულ სივრცეში გადაყვანა. კლინიკაში მოთავსების შემდეგ სამედიცინო პერსონალმა წარმატებით მართა პატარა პაციენტი და მალევე მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. კოვიდ-ინფიცირებული ახალშობილის მკურნალობა, შეიძლება ითქვას, რომ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ძლიერ ემოციებთანაც არის დაკავშირებული. ლაბორატორიული მონაცემებისა და გამოხატული სიმპტომების შესაბამისად მთელმა გუნდმა ერთიანი ძალებით დავიწყეთ სიმპტომური მკურნალობა, რომელმაც გაამართლა და ჩვილის სრულად გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარა.
თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად გვესმოდა, თუ რამდენად მძიმე იყო მშობლებისთვის ფსიქოლოგიურად ბავშვისგან შორს ყოფნა, ამიტომაც მათ ვიდეოზარების დახმარებით ბავშვთან სიახლოვის საშუალებას ვაძლევდით. ამ გზით მდგომარეობის შემსუბუქებასა და ინფორმაციის მუდმივ ხელმისაწვდომობას უზრუნველვყოფდით“,- აცხადებენ კლინიკაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











