აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი „ქართული ოცნებისადმი”.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების ტონი „ქართული ოცნების” მიმართ სულ უფრო კრიტიკული გახდება.
„სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვმუშაობთ პარალელურად რამდენიმე მიმართულებით. ერთი მიმართულება, ეს არის შიდა პარტიული სტრუქტურის გაძლიერება და ადამიანური რესურსების მოზიდვა. მეორე მიმართულება, ეს არის საერთო ოპოზიციურ ფლანგზე სხვა პარტიებთან კონსულტაცია და პოზიციების შეჯერება და მესამე, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, პირველ რიგში აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან პროაქტიული კომუნიკაცია და მათთან მოლაპარაკებები.
ახლაც, „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე იმყოფება აშშ-ში და არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს აშშ-ის სენატის, კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. გარდა დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა, ჩვენი საზღვარგარეთელი პარტნიორები და მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოში ოპოზიციის სახით მათ ჰყავდეთ სანდო და საიმედო პარტნიორი. „სტრატეგია აღმაშენებელი” კვლავ გააგრძელებს როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საკითხების ლობირებასა და ინტერესების დაცვას“, – აცხდებს სერგო ჩიხლაძე.










