კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა, ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი და იმიტომ, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
„ოპოზიციისთვის კი კობახიძე მხოლოდ მისალოცია, რადგან „ოცნებამ“ ამით დესტრუქციული გზა აირჩია. რადგან კობახიძე კოლექტიური ზარდიაშვილების ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ვინც გარდა იმისა, რომ გასაშვები ადამიანების სიებით დარბოდა პერიოდულად ივანიშვილთან, ახალგაზრდებთან კომუნიკაციაც კი არ შეუძლია, ისტერიკაში ვარდება ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენის დროს და უბრალოდ გარბის.
მოკლედ, „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა და იკითხონ მათ, ვისი ცხოვრებაც და პოლიტიკური მომავალიც პირდაპირ ივანიშვილზეა მიბმული, თორემ საქართველო ამ გაუგებარ მმართველ ჯგუფამდეც არსებობდა და მერეც იარსებებს“, – ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი.
რაც შეეხება დასავლეთს, ჭიჭინაძე ამბობს, რომ „ვიღაცები აგულიანებენ ივანიშვილს, რომ აშშ-შია დაპირისპირება და ჩვენთვის არ სცალიათო. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ დასავლეთს ყოველთვის სცალია ჩვენთვის!“
„ეს გლობალური სამყაროს ნაწილია, სადაც თავისი თამაშის წესებია და რომელსაც თავის დროზე სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი. ამ წესების დარღვევა არ აპატიეს სააკაშვილს, მათი მეშვეობით მოვიდა ივანიშვილი და თუ ახლა დააიგნორებს, ის სერიოზულად დაისჯება. არადა წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია“, – ამბობს დეპუტატი.











