“პრაიმტაიმნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ყოფილი პრემიერ მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხა.
საქმე ეხება ნოღაიდელის პრემიერობის დროს აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, სადაც დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიადაა მოხსენიებული.
ნოღაიდელის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” გენერალურ პროკურატურაშიც დაუდასტურეს.
ცნობისთვის, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.