უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის წარმომადგენლის დავით ფურცხვანიძის განცხადებით, იგი სატელიტ ფოტოებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.
როგორც იგი ამბობს, იგი დარწმუნებულია, რომ ფოტოები დამონტაჟებული არ არის.
„თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმით მე არასდროს დავინტერესებულვარ, ეს არის ეპიზოდი მოცულობითი საქმის, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ვიძიებთ, ეს არის საერთაშორისო ფინანსური აფიორა, ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი არის აბრაამ რეიხბახი, „ზეგი“ პირდაპირ არის მასთან იდენტიფიცირებული, ბაჩალიაშვილი მანდ მუშაობდა და შემდეგ მოხდა დაღუპვა. ამ კომპანიას შემხებლობა ჰქონდა იმ ინფორმაციული ველის შექმნასთან, რომელზეც მე ვსაუბრობ. საინტერესო იყო ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში, რადგან ის ორივე დაწესებულება არის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ. მე არ ვამბობ, რომ ბაჩალიაშვილი იყო სპეცსამსახურებთან დაკავშირებული. მე არ შემიძლია ზუსტი დასახელება მოგცეთ, რადგან ჩემი ყველა საკომუნიკაციო საშუალება წაღებულია. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სატელიტის ფოტო, უახლოეს დღეებში გავაკეთებთ ამ ექსპერტიზის პასუხის პასუხს და დამატებით კიდევ გვექნება დუბლირება იმ ადგილისა. ეს იქნება ძალიან მალე. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გაცემულ ერთ-ერთ პასუხში გაცემულია კონკრეტული სახელი, გვარი, ქვეყანა, მისი რეკვიზიტები კავშირი, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გასაჯაროვდეს“, – აცხადებს დავით ფურცხვანიძე.
დავით ფურცხვანიძე საკუთარ საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „სპუტნიკ ტვ“ საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც რუსულენოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ ორგანიზაციას არ უმუშავია.
იგი ასევე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი ნასამართლობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე პრორუსი ექსპერტია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. ფურცხვანიძეს დაფუძნებული აქვს „პოლიტიკური ექსპერტიზის ბიურო“ და საკუთარ თავს უსაფრთხოების ექსპერტად მოიხსენიებს. ის საქართველოში პრორუსული გამოცემების აქტიური რესპოდენტი და „სპუტნიკ ტვ“-ის წარმომადგენელია.
ჩვენი ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე წარსულში თაღლითობისთვისაა ნასამართლევი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის წყარო პრორუსი ექსპერტი აღმოჩნდა
ცნობილია პირი, ვინც ბაჩალიაშვილის ადვოკატს ყალბი მტკიცებულებები მიაწოდა











