საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, ეს იყო უაღრესად წარმატებული და დატვირთული ვიზიტი, როგორც შეხვედრების რაოდენობით, ისე შინაარსობრივად.
„თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი განხორციელდა პანდემიის პიკის პირობებში ევროკავშირში, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს თემატიკა ევროკავშირისთვის, ასევე ნატოსთვის და რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
არ დარჩენილა არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვისთანაც ჩვენ არ გვქონდა შეხვედრა. ყველა, ვინც კი ფიზიკურად იმყოფებოდა ბრიუსელში ამ ეტაპისთვის, ყველა უმაღლესი თანამდებობის პირთან იყო შეხვედრა. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ევროკომისიის პრეზიდენტისა, ნატოს გენერალური მდივნისა და ასევე კომისიის ვიცე – პრეზიდენტისა, ისევე, როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა შეხვედრა 9 ევროკომისართან. ფაქტიურად, ეს არის ძალიან დიდი დატვირთვის და მნიშვნელობის ვიზიტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შედეგებს ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ და გვექნება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ამ ვიზიტისგან.
რაც შეეხება ნატოს, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უაღრესად მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას და იმ შესრულებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა ახორციელებს ყველა მიმართულებით, კერძოდ, პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების კუთხით, ასევე ჩვენი კონტრიბუციით ავღანეთში ნატოსთან ერთად სწრაფი რეაგირების ოპერაციაში და აღინიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს საქართველოს, რაც კიდევ უფრო აადვილებს ჩვენს მისვლას საბოლოო მიზნამდე, რაც არის წევრობა. ერთი მომენტი, რომელიც ახალია როგორც ევროკავშირისთვის, ისე ნატოსთვის, არის შავი ზღვის უსაფრთხოება და შავი ზღვის რეგიონი და საქართველოს ადგილის და ფუნქციის განსაზღვრა შავი ზღვის რეგიონში.
ორივე მიმართულებით შეხვედრას ეს მთავარ ლაიტმოტივად გასდევდა. შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ სხვადასხვა საპორტო ვიზიტები, „პორტ ქოლები“, როგორც ჩვენი ნატოელი პარტნიორები უწოდებენ, რაც მომავალშიც კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო წვრთნები ნატოს ეგიდით ჩატარებული, რაც ასევე მომავალში გაგრძელდება და რაც მნიშვნელოვნად დაგვაახლოებს ჩვენ საბოლოო წევრობასთან, პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკული განზომილებითაც, თანამშრომლობის კუთხით, მნიშვნელოვანი ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა და ასევე, ერთ-ერთი უახლოესი, რასაც ჩვენ ველით ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით არის ერთობლივი პაკეტის განახლება, რაც ასევე პრაქტიკული ნაბიჯი არის საბოლოო ინტეგრაციისკენ.
საუბარი შეეხო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, განმტკიცებას. გენერალურმა მდივნმა ძალიან მაღალი შეფასება მოგვა ამ მიმართულებით. მან ახსენა ძალიან მკაფიოდ, როგორც შიგნით შეხვედრაზე, ისე საჯაროდ, ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც აქვს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, ისე, როგორც ეს არის გაწერილი ეუთო-ს სტანდარტებსა და პრინციპებში. უმაღლესი შეფასება მივიღეთ იმ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმების შედეგად, რაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ისე როგორც ეუთო-ს და ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით, ამიტომ, თამასა აქვს საქართველოს უმაღლეს დონეზე აწეული.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, ეს არჩევნები იქნება უპრეცედენტოდ დემოკრატიული, გამჭვირვალე და შესაბამისი საერთაშორისო და დემოკრატიული სტანდარტების. აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნები უჩვეულო გარემოში, პანდემიის პირობებში ტარდება, აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რადგანაც საქართველომ ფაქტიურად უკვე უზრუნველყო, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრონ ამ არჩევნებს.
ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა გატარებული, როგორც ეუთო-ოდირის მიმართულებით ისე, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ყველა შესაბამისი პროტოკოლი არის შემუშავებული იმისთვის, რომ იმ დამკვირვებლებს, როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში არანაირი შეზღუდვები არ ჰქონდეთ პანდემიის გამო და მიეცეთ შესაძლებლობა, პირველ რიგში უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ როგორ უსაფრთხოდაც ჩამოვლენ ისე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში და მიეცეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს და დადონ ობიექტური შეფასება. იცით თქვენ, რომ ეუთო – ოდირის მისიამ უკვე დაიწყო დაკვირვების პროცესი ასევე, IRI და NDI სხვადასხვა ფორმებით უკვე დისტანციურად ახორციელებენ დაკვირვების პროცესს. ჩვენ ასევე, გამოვხატეთ პოზიცია, რომ მზად ვართ თუ კი ლოჯისტიკურად პრობლემები შეიქმნება, სპეციალურ ფრენებს გავუკეთოთ ორგანიზება იმისთვის, რომ ჩამოვიყვანოთ ისინი სპეციალური რეისით და ამით მათ არანაირი ტექნიკური ხასიათის პრობლემა არ შექმნათ. -განაცხადა დავით ზალკალიანმა.











