იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ვაქცინების მიმართულებითაც გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მიმოსვლა, საჰაერო ფრენების აღდგენა და იგივე პანდემიასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისითაც, ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ბევრ შემდგომ ნაბიჯზე შევთანხმდით, იმაზე, თუ როგორ შეუძლია თურქეთს აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება, მათ შორის პანდემიასთან გამკლავებასთან დაკავშირებით. იგივე პირველ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა და უჭირდა თურქეთსაც, რადგან პანდემია ახალი გამოწვევა იყო, მაშინ ელემენტარული პირბადეების პრობლემა იდგა და თურქეთი დაგვეხმარა. დღეს ვაქცინების მიმართულებით დგას პრობლემა. აქაც შესაძლოა, რომ ჩვენს შორის იყოს თანამშრომლობა, ამის რწმუნება მივიღე დღევანდელ შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.











