საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი “ქრონიკასთან” განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდება საქართველოს ელჩი უკრაინაში. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება უნდა იყოს.
„უკრაინა ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ამ უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად, რომელიც არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიგვეღო და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს თავის სახელმწიფობრიობას, მიიღებდა იგივე გადაწყვეტილებას, რაც ჩვენ მივიღეთ ელჩის გამოწვევით.
ჩვენ თანდათან ვხედავთ, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება, ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადებების შედეგად (ყოფილი პრეზიდენტის ბოლო განცხადება პირდაპირი მოწოდება იყო დაუმორჩილებლობისკენ), ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მძევლად იყოს აყვანილი. მათი მხრიდან არის ნება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ზუსტი აღმა აქვთ არსებული პრობლემის. ჩვენი მხრიდანაც არის ნება, რომ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება, თუ ჩვენ ელჩს დავაბრუნებთ და ჩვენი ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში გადავა. ამიტომ, ჩვენ თანდათან გამოვდივართ ამ პროცესიდან“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი, და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში არ ეხმარება. ამის შემდეგ სააკაშვილმა იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.











