თელავში 7 მარტს მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის გამოძიების ვადა, შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს.
დედ-მამისა და ბებიის მკვლელობის ფაქტზე, წინასამართლო სხდომა, 27 აპრილს არის ჩანიშნული, თუმცა საქმე განსახილველად, სასამართლოს ჯერ არ გადასცემია.
მკვლელობისათვის ბრალდებული პირის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი ვარაუდობს, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის გამო, გამოძიებას ვადის გაგრძელება მოუწევს.
„ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვანია, ჯერ საქმეში არ დევს. იქნებ ამ იარაღით არ არის მკვლელობა ჩადენილი, ეს ფაქტი ხომ უნდა დადასტურდეს. ჩემი ვარაუდია, რომ გამოძიებას, შესაძლოა ვადის გაგრძელება მოუწიოს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“,- განაცხადა ჩაველაშვილმა.
შეგახსენებთ, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 27 წლის აკაკი აბრამიშვილია დაკავებული.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











