23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი ტრაგედია ტრიალებს მათ ოჯახებში და მთელი საქართველო გლოვობს.
25 წლის, რუსთაველი მედეა დევსურაშვილი სწორედ ამ ავარიას შეეწირა. სამი გადარჩენილიდან ერთ-ერთი კი მისი და, 23 წლის ხატია დევსურაშვილია, რომელიც ამჟამად კომაშია.
„პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლო ნათესავს ესაუბრა:
– ოჯახს სამი გოგო ჰყავს, მედეა უფროსია, მას ბებიის სახელი დაარქვეს, მომდევნო ხატიაა და ჰყავთ კიდევ ნაბოლარა შვილი, 11 წლის ლიზიკო. საუკეთესო გოგონები აღზარდეს, მართლა ძალიან კარგი ბავშვები არიან. ხატია და მედეა ზრუნავდნენ ავადმყოფ ბებიაზე.
დილით, ვიდრე სამსახურსა და სასწავლებელში წავიდოდნენ, ბებიას აპურებდნენ, ბანდნენ, უცვლიდნენ ტანისამოსს, ლიზისაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ. უფროსი დები კარგა მოზრდილები იყვნენ, როცა ნაბოლარა დაიბადა და დიდი წვლილი მიუძღვით მის გაზრდაშიც.
ინტერნეტში მოძებნეს ტური და წასვლა ისე დაგეგმეს. რა იცოდნენ, რომ სიკვდილის შესახვედრად მიდოდნენ
წინადღეს იყიდეს პროდუქტი საგზლისთვის, დედას ლობიანები დააცხობინეს, დილის 4 საათზე იყო გასვლა დეგეგმილი და მამამ წაიყვანა მანქანით, მიკროავტობუსში ჩასვა და გააცილა.
თურმე თავიდანვე არ უნდოდა შვილების გაშვება, – ცუდი წინათრგძნობა მქონდა, გული ცუდს მეუბნებოდა, მაგრამ გოგონებს ისე უხაროდათ ექსკურსიაზე წასვლა, რომ უარი ვეღარ ვუთხარიო. არა და, რომ დაემშვიდობნენ, დედას პირჯვარი გადაუსახავს მათთვის და ცუდად გამხდარა. თავადვე შეუძახია თავისთვის, – ბავშვები არ დავთარსოო და ცდილობდა, ცუდზე არ ეფიქრა.
ბოლოს მედეამ დედას დაურეკა და უთხრა, ჯვრის უღელტეხილი გადმოვიარეთ და შინ ვბრუნდებითო.
დედა ცდილობდა შემდეგ დაკავშირებას. გადიოდა ზარი და არავინ პასუხობდა. რას წარმოიდგენდნენ მშობლები, რომ ამ დროს მათი ერთი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე კი სიკვდილს ებრძოდა.
მერე ტელეფონი ხან დაკავებული იყო, ხან არ იჭერდა. აფორიაქდა გოგონების დედა.
შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შატილიდან მომავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. უკვე პანიკაში იყვნენ მშობლები. შემდეგ 112-დან მოვიდენ და წაიყვანეს დედ-მამა – ვინც იყო მიკროავტობუსში, ყველას მშობლები მიგვყავსო.
შემთხვევის ადგილამდე არ მისულან, რადგან შეატყობინეს, რომ იქ სამაშველი სამუშაოები დასრულებული იყო და დაშავებულებიც და გარდავლილებიც უკვე გადაყვანილი იყვნენ.











