დავით ზალკალიანი გაეროს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა:
„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა და მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია თანასპონსორთა რაოდენობა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობას. მეტიც, ამ ნაბიჯით საერთაშორისო თანამეგობრობა ხაზს უსვამს, რომ თავად არის ჩართული ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში.
დევნილების უფლებების დაცვა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ჩვენი დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გასამტკიცებლად“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 75-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.











