დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა, მათ შორის 42 მაგისტრობის მსურველი, 12 კი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მსურველია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდ 19-ის გამო საგამოცდო პროცესს დროებით გამოთიშული აპლიკანტებისთვის დამატებითი სესია დაინიშნება.
„დღეს დილიდან საგამოცდო პროცესი მაგისტრობის მსურველების ტესტირებით დაიწყო. შუადღის სესიაზე ჩატარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტირება. გარდა ამისა, დღეს გაიმართება დამატებითი სესია აბიტურიენტებისთვის ისტორიაში. მაგისტრობის კანდიდატის ოდენობა 12 800-ია. საერთო სამაგისტრო გამოცდა 30 ივლისის ჩათვლით გრძელდება. ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც, მაგისტრებიც და სპეციალური მასწავლებლების შემთხვევაშიც იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კოვიდ 19 და ამის გამო არ გამოცხადდნენ გამოცდაზე, დაინიშნება დამატებითი სესია. დღეს ასეთია 59 პირი, მათ შორის, 42 მაგისტრობის, 17 სპეციალური მასწავლებლობის მსურველი,“ – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ცნობისთვის, დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. მაგისტრანტობის კანდიდატებს დღეს წაკითხულის გააზრება-ანალიტიკურ წერაში აქვთ გამოცდა.
ამასთან, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც ჩატარდება. საერთო სამაგისტრო გამოცდები 30 ივლისს დასრულდება.











