საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც 22 მაისიდან სამოქალაქო პანაშვიდები იმართება. საკათედრო ტაძრის ეზოში იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.
მთაწმინდის პანთეონში ეროვნული გმირის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს.











