„დღეს მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ, ბათუმის ბულვარში და ბათუმის ქუჩებში“ – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბათუმში, ლევან ვაშარშალომიძის წარდგენის დროს შეკრებილ მოსახლეობას.
მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის დროს განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში საქართველო, აჭარა და ბათუმი უფრო ბრწყინვალე იქნება, ვიდრე წარსულში.
„31 ოქტომბერს ჩვენ ერთად მოვიშორებთ უპერსპექტივობას, საქართველოს დაცლას, ჩვენ მოვიშორებთ დაავადებას, რომელიც ახლა ვრცელდება საქართველოში და ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ ამ კოშმარს, ნგრევის და ათასგვარი უმსგავსობის გამოხატულებას. საქართველო, აჭარა და ბათუმი იქნება უფრო ბრწყინვალე, ვიდრე ოდესმე თავის ისტორიაში. მე ამას გპირდებით. ხომ ხედავთ როგორ მიხარია თქვენი ნახვა და ხომ ხედავთ, როგორ მადგება თვალზე ცრემლები როცა გიყურებთ. სულ მალე ეს ცრემლები იქნება სიხარულის ცრემლები. დღეს მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ, ბათუმის ბულვარში და ბათუმის ქუჩებში. საქართველოს თითოეულ ქალაქში თქვენთან ერთად გავაგრძელებ ქვეყნის აშენებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.











