„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი შეთანხმების იმპლიმენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეული იქნა შარლ მიშელის მონაწილეობით“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, საერთო განცხადების გაკეთების დროს განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, მიღებული შეთანხმება არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ.
„ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ქართველ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება და ეს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების სულისკვეთება არ დაირღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ვნახავთ გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც საშუალებას მისცემს მთელ ოპოზიციურ სპექტრს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ.











