აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის შეურაცხყოფისთვის „ალტერნატივას” წევრის დაკავებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.
„დაკავებაზე-შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული.
გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს და კანონის პირობებში, საერთოდ „კანონიერების“ პრინციპს ეკარგება შინაარსი. ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად“, – წერს სამადაშვილი სოცქსელში.
შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა.











