„კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ საქმის გამოძიება მიიყვანონ ბოლომდე და დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს“, – ამის შესახებ 2004 წელს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლემ და ომეხ აფრასიძის დედამ, დოდო აფრასიძემ „პრაიმტაიმ ნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ოჯახის წევრები საქმის პროკურორს ბოლოს 5 თვის წინ შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრაზე რაიმე იმედისმომცემი დაპირება არ მიუღიათ. დოდო აფრასიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.
„ბოლოს და ბოლოს გამაგებინონ ხდება თუ არა რაიმე რეაგირება. ველოდები და ის მაინც მითხრან ტყუილად ველოდები თუ არა, ეს მაინტერესებს. რატომ არ უნდა დაისაჯონ ის მკვლელები და გარეწრები?!
სანამ პანდემია დაიწყებოდა პროკურორი ჯარჯი წიკლაური შეგხვდა. 5 თვე გავიდა იმის შემდეგ. გვითხრეს რომ საქმეზე ვადაა გასულიო გადასულიო, მაგრამ ჩემთვის არ არის გასული. ჩემზე ბევრად ადრე მომხდარ საქმეებს იძიებენ და ეს რატომ გახდა ვადაგასული არ ვიცი.
მნიშვნელოვანი დაპირება არ მოუციათ. მითხრეს, რომ მაგ საქმეზე ჯერჯერობით არაფერიო, მაგრამ ზარალის ანაზღაურებაზეც იყო ლაპარაკი და აუცილებლად ვიზამთ რამესო. თუმცა, დღემდე საერთოდ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ საქმის გამოძიება მიიყვანონ ბოლომდე და დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. ესენი არიან გიორგი ბარამიძე, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბადრი ბიწაძე“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.
სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლების შეკრების შედეგად, ხოლო შმაგი აფრასიძეს – 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.











